Monday, April 12, 2010

სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა წინანდალში


პირველად საქართველოში, 7 აპრილიდან 6 ივნისის ჩათვლით, JMA გალერეა QU ART quart-brussels.com და წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ქართველ მნახველს წარუდგენს ლეგენდარული ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის სალვადორ დალის ქანდაკებებსა და ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 6 ქანდაკება და 11 ლითოგრაფია, რომლებიც მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდს განეკუთვნება. მათ შორის ქანდაკებები: "სიურეალისტური ანგელოზი", "კუბისტური ანგელოზი", "ვენუსი", "ბეთჰოვენი", "ამაღლებული წუთები", "მაგიდა", რომლებშიც გაერთიანებულია სალვადორ დალის ექსტრაორდინალური ფანტაზია, მისი ხელოვნების ექსპერიმენტული ხასიათი და სტილი სტური მრავალფეროვნება, ტრადიციულისა და სტერეოტიპულობის რღვევის ნიშნები.

ეს თავისებურებები სალვადორ დალის ნამუშევრებს "მესამე განზომილებასთან" აკავშირებს, სადაც, ერთი შეხედვით, ირეალური სიტუაციები ჩვეულებრივად აღიქმება და შესაძლებელია, ერბოკვერცხის "იალქანზე" ლოკოკინა ბინადრობდეს ("ამაღლებული წუთები"), ანგელოზები კი "ღმერთამდე მიმავალ ტრანსპორტად" გვევლინებოდნენ, უჩვეულო სივრცით განზომილებებს კი, მხატვრული ხერხების შთამბეჭდაობა განაპირობებდეს ("სიურეალისტური ანგელოზი").

წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელმაც უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, ქართველი მაყურებელს კი, პირველად ეძლევა სალვადორ დალის ორიგინალური ქმნილებების ხილვის შესაძლებლობა.

No comments:

Post a Comment