Monday, May 24, 2010

აქამდე უცნობი ვან გოგის ნამუშევარი


ნიდერლანდების ერთ-ერთი პროვინციის ქალაქის - ზვოლეს (Zwolle) მუზეუმში გამოფინეს ნამუშევარი, რომელმაც რამდენიმე დღეში მსოფლიო ყურადღება დაიმსახურა. აქამდე ცნობილი, როგორც უცნობი მხატვრის ტილო, ვან გოგის ქმნილება აღმოჩნდა... ამის შესახებ ინფორმაციას NRC Handelsblad-ი ავრცელებს.

მუზეუმის დირექტორის, რალფ კენინგის (Ralph Keuning) განცხადებით, ის ფაქტი, რომ “ლე ბლიუტ-ფინის წისქვილი" (Le Blute-fin Mill) უდიდესი იმპრესიონისტის ნამუშევარია, ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის ექსპერტებმაც დაადასტურეს.

NRC Handelsblad-ის გამოცემა აღნიშნავს, რომ ექსპერტების ყურადღება მიიქცია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ტილოს ზომა და სტრუქტურა, საღებავების ტიპი, წერის მანერის რამდენიმე განსაკუთრებულობა და ასევე, სურათის უკანა მხარეს მოცემული შტამპი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ მაღაზიას ეკუთვნის.

ნახატი, რომელიც ვან გოგის ნამუშევრად აღიარეს, 1957 წელს ზვოლეს მუზეუმის დამფუძნებელმა დირკ ჰანემამ (Dirk Hannema) ათასი ევროს ეკვივალენტი თანხით პარიზის არტ დილერისგან შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ ჰანემა ნახატის ავტორის ვინაობაში დარწმუნებული იყო, მის განაცხადს ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. მან ადრე როტერდამის მუზეუმისთვის შეიძინა რამდენიმე თითქოსდა ვერმეერის ნამუშევარი, რომლებიც ორიგინალები არ აღმოჩნდა.

NRC Handelsblad-ის გარდა, ამ ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-იც ავრცელებს და აცხადებს, რომ ნახატი 1986 წლამდე, ანუ მისი მფლობელის გარდაცვალებამდე მის კერძო კოლექციაში ინახებოდა, მეპატრონეს გარდაცვალების შემდეგ კი მუზეუმში აღმოჩნდა. პროფესიონალები მის ექსპერტიზას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ, რაც ზვოლეს მუზეუმის წარმომადგენლებმა მათ ნამუშევარზე ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს.

აქამდე ვან გოგის უცნობი ნამუშევარი უკანასკნელად 1995 წელს აღმოაჩინეს. თუმცა, 1970 წელს შედგენილი მხატვრის ნამუშევრების კატალოგს, მისი პირველი გამოქვეყნებიდან, მხოლოდ 5 ნამუშევარი მიემატა. ამის გამო, ზემოთ აღნიშნულმა ფაქტმა დაინტერესება გამოიწვია.

ვინსენტ ვან გოგი


1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886 - 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე", 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).

1888 ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა - საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ("მკა. ლაკროს ველი", "მეთევზეთა ნავები სენტ-მარიში", ორივე 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს ("ღამის კაფე", 1888, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი მონასმები ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას ("წითელი ვენახები არლში", 1888, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), არამედ უსულო საგნებიც ("ვან გოგის საწოლი ოთახი არლში", 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი).

80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889 - 90) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას ("მრადისობის კარიბჭესთან", 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს ("კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა", 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება ("ოვერი წვიმის შემდეგ", 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ


მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წლის 27 აპრილს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ.

მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდლოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული.ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ოსეთი.

საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიულ არეალებისსავის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და კოლორიტებითაა წარმოდგენილი.

ხურომოძვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიული მატერიალურ კულტურის ამსახველი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

ღია ცის ქვეშ მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე რელიეფურ საფლავის ქვათა მდიდარი კოლექცია. მთლიანობაში მზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

სვანეთის მუზეუმი


მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. აქ დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: "ადიშის ოთხთავი" (897), "იერუსალიმის განჩინება" (Xს), "მესტიის ოთხთავი" (1033), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.
ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი VI ს-ის ბრინჯაოს სირიულ საცეცხლურებს (X_XI სს) რელიკვარიუმებსა და ეტრატზე შესრულებულ უძველეს ხელნაწერებს ეთმობა.

აქვე დაცული არის XII ს-ის ვერცხლის სასანური სურა, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII ს-ის ვენეციური ე.წ. დეკორატიული ჯვარი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სილიხანის ხატი, რომელშიც გოლგოთის ჯვრის ნაწილია ჩატანებული.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა.

მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.
1991 წლიდან დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალა არის ნაპოვნი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.