Monday, May 24, 2010

აქამდე უცნობი ვან გოგის ნამუშევარი


ნიდერლანდების ერთ-ერთი პროვინციის ქალაქის - ზვოლეს (Zwolle) მუზეუმში გამოფინეს ნამუშევარი, რომელმაც რამდენიმე დღეში მსოფლიო ყურადღება დაიმსახურა. აქამდე ცნობილი, როგორც უცნობი მხატვრის ტილო, ვან გოგის ქმნილება აღმოჩნდა... ამის შესახებ ინფორმაციას NRC Handelsblad-ი ავრცელებს.

მუზეუმის დირექტორის, რალფ კენინგის (Ralph Keuning) განცხადებით, ის ფაქტი, რომ “ლე ბლიუტ-ფინის წისქვილი" (Le Blute-fin Mill) უდიდესი იმპრესიონისტის ნამუშევარია, ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის ექსპერტებმაც დაადასტურეს.

NRC Handelsblad-ის გამოცემა აღნიშნავს, რომ ექსპერტების ყურადღება მიიქცია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ტილოს ზომა და სტრუქტურა, საღებავების ტიპი, წერის მანერის რამდენიმე განსაკუთრებულობა და ასევე, სურათის უკანა მხარეს მოცემული შტამპი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ მაღაზიას ეკუთვნის.

ნახატი, რომელიც ვან გოგის ნამუშევრად აღიარეს, 1957 წელს ზვოლეს მუზეუმის დამფუძნებელმა დირკ ჰანემამ (Dirk Hannema) ათასი ევროს ეკვივალენტი თანხით პარიზის არტ დილერისგან შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ ჰანემა ნახატის ავტორის ვინაობაში დარწმუნებული იყო, მის განაცხადს ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. მან ადრე როტერდამის მუზეუმისთვის შეიძინა რამდენიმე თითქოსდა ვერმეერის ნამუშევარი, რომლებიც ორიგინალები არ აღმოჩნდა.

NRC Handelsblad-ის გარდა, ამ ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-იც ავრცელებს და აცხადებს, რომ ნახატი 1986 წლამდე, ანუ მისი მფლობელის გარდაცვალებამდე მის კერძო კოლექციაში ინახებოდა, მეპატრონეს გარდაცვალების შემდეგ კი მუზეუმში აღმოჩნდა. პროფესიონალები მის ექსპერტიზას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ, რაც ზვოლეს მუზეუმის წარმომადგენლებმა მათ ნამუშევარზე ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს.

აქამდე ვან გოგის უცნობი ნამუშევარი უკანასკნელად 1995 წელს აღმოაჩინეს. თუმცა, 1970 წელს შედგენილი მხატვრის ნამუშევრების კატალოგს, მისი პირველი გამოქვეყნებიდან, მხოლოდ 5 ნამუშევარი მიემატა. ამის გამო, ზემოთ აღნიშნულმა ფაქტმა დაინტერესება გამოიწვია.

No comments:

Post a Comment