Monday, June 7, 2010

ასტრიდ ლინდგრენი _ ბავშვების ყველაზე საყვარელი მწერალი


ასტრიდი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო — თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

ბავშვობაში ასტრიდს იტაცებდა ფოლკლორი და სხვადასხვა ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. სწორედ კრისტინმა გააცნო მას საოცარი სამყარო, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ზღაპრების კითხვისას.
ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას „ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში „Wimmerby Tidningen“. ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა საყვარელი შვილი და იძულებული იყო, დროებით გაეშვა იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) ჩამოიყვანა დანიიდან ლარსი.

ასტრიდ ლინდგრენს ეკუთვნის ბევრი სიცოცხლითა და სითბოთი სავსე ნაწარმოები. ისეთი, როგორებიცაა ”ჩვენც სალტკროკელები ვართ”, ”ბიულერბიუელი ბავშვები”, ”პეპი გრძელიწინდა”, ”მაწანწალა რასმუსი”, ”კარლსონი და ბიჭუნა”, ”ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი”...

ის იყო და მუდამ დარჩება ბავშვების საყვარელ მწერლად, რადგანაც მისი ყოველი წიგნი ნამდვილი შედევრია, სიყვარულისა და სიკეთის მასწავლებელია, ალბათ თვითონ ეს ქალი იყო უცნაურად სავსე ამ სიყვარულით, სითბოთი და სიცოცხლით...

No comments:

Post a Comment