Sunday, June 13, 2010

”რა მემართება? რა მემართება? მაინც თავისით წარიმართება..”


ნიკო გომელაურზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა. ალბათ, შეუძლებელია იმაზე უკეთესად დახატო მისი პორტრეტი, ვიდრე მას თავისი ლექსები ახასიათებენ, ამიტომ არც მე შევეცდები ჩემი ენით გადმოგცეთ მისი ხასიათის შტრიხები, სიხარული, ტკივილი, აზრები.
როდესაც სტატიისთვის ინფორმაციას ვაგროვებდი, ერთ-ერთ კომიუტერული მომსახურების ცენტრში შევედი, რათა ის მასალები ამომებეჭდა, რაც მჭირდებოდა. იქვე მჯდომმა ქალბატონმა შენიშნა, რომ ამობეჭდილი ფურცლები ნიკო გომელაურს შეეხებოდა და მთხოვა, თუ შეიძლება ჩემთვისაც ამოვიღებ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პოეტსო. ხშირად ამბობენ, გომელაური მხოლოდ ახალგაზრდების საყვარელი მწერალიაო, თუმცა თუ იმ ინტერესს გავითვალისწინებთ, რაც მასზე შეგროვილმა ინფორმაციამ პატარა ოთახში
გამოიწვია, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გომელაურს ყველა თაობის ადამიანი დიდი ინტერესით კითხულობს. ნიკო გომელაური ახერხებდა ლამაზად, ლაკონურად გადმოეცა ის, რაზეც ალბათ ბევრ ჩვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია, წერდა იმაზე, რაზეც დარდობდა, რაც ახარებდა.. სწორედ ამიტომ გახდა მისი ლექსები ასე ადვილად მისაღები და საყვარელი ყველა ასაკის ადიანისთვის.
“აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც, მაინც ვილტვი…
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც, მაინც ვმღერი
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…”
დღეს, როდესაც მისი მეგობრები, კოლეგები, ახლობლები ნიკოს იხსენებენ, მის ბევრ სხვა და სხვა დადებით თვისებას აღნიშნავენ, თუმცა თითოეული მათგანი ხაზს უსმევს იმ პიროვნულ სიძლიერეს, რომლის საშუალებითაც ასეთი მძიმე სენით დაავადებული მსახიობი, მაინც ჯიუტად გამოდიოდა სცენაზე, წერდა. თხზავდა, მუშაობდა.. უბრალოდ ცხოვრობდა, ისე როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი. ებრძოდა დროს, რომელსაც როგორც თავად ამბობდა “არ აქვს ხათრი”
“დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს,
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს…

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
_ხათრი არა აქვს დროს…

,,რა მემართება? რა მემართება?''
- მაინც თავისით წარიმართება . . “
ვკითხულობთ მის ლექსში, თუმცა ერთ ერთ- სატელევიზიო შოუში დასძინა, ფატალისტი ნამდვილად არ ვარ, ვფიქრობ ჩვენ ყველანი ჩვენ თვითონ წარვმართავთ ჩვენს ბედსო_ და ალბათ, სწორედ ამაში იყო იმ სიძლიერის საიდუმლო, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.
როგორც ერთხელ აღნიშნა, არ ახსოვს როდის დაწერა პირველად ლექსი, ძალიან ღრმა ბავშვობაში, როდესაც წერა ისწავლა. “ადრეული ასაკიდან მიმაჩვიეს კითხვას, პოეზიის კითხვას. თავიდან ბუნებრივია, ეს იყო რაღაც გავლენა ან მიბაძვა ვაჟასადმი, გალაქტიონისადმი”. მოგვიანებით მწერალმა იპოვნა ის, რაც ნამდვილად “მისი” იყო და ასე შეიქმნდა 5ალბომი. პირველი “საკაიფო ლექსი” 2001 წელს გამოიცა, ბოლო “უბის ლექსი” კი სულ რამდნიმე ხნის წინ. და დამკვიდრდა კიდეც ლექსი, ისეთი როგორსაც მხოლოდ ნიკო გომელაური წერდა. ნანუკა ხუსკივაძე: “ ნიკოს არავინ არ ჰგავს და ვერავინ ვერ დაემსაგავსება ის მთელი თავისი გონებით, გულით იყო იმ საქმეში, რასაც აკეთებდა”
ბევრს დასწყდება ალბათ გული, ვინც ვერ მოასწრო ეხილა გომელაური სცენაზე. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, მასთან ერთად თამაში დიდი ბედნიერება იყო, რადგან საქმე პროფესიონალთან ჰქნდათ, რომელიც მთელი თავისი არსებით შედიოდა როლში და დიდი შემართებით მუშაობდა სცენაზე”
მისი თეატრალური კარიერა, თეატრალური ინსტიტუდიან დაიწყო. პირველ სპექტაკლ “გუშინდელნის” შემდეგ პერსონაჟს პერსონაჟი მოჰყვა. “კომედიანტები”, “კავკასიური ცარცის წრე”, “იდიოტოკრატია”_ ეს მცირე ჩამონათვალია იმ სპექტაკლებისა, რომელშიც მსახიობი თამაშობდა. მალე გომელაური კოტე მარჯანიშვილის სახელობის ლაურეატი, ბრესტისა და ტრაბზონის პრემიის მფლობელი გახდა “საუკეთესო მსახიობი მამაკაცის” ნომინაციაში. სულ ცოტა ხნის წინ სპექტაკლის “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” პრემიერა შედგა_ეს მსახიობის უკანასკნელი როლი იყო. “მაკროპოლისის საიდუმლოში, მსახიბმა თამაში ვეღარ მოასწრო. ვეღარ მოასწრო კიდევ უამრავი რამის გაკეთება. პოეტი მხოლოდ 39 წლის იყო.. 12 აპრილს ფონდ “იავნანას” მორიგი საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. თუმცა ჯანმრთელობის გამო ვეღაც ეს მოახერხა. მის მაგივრად კონცერტზე ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ნიკო გომელაურს ეკუთვნის “იავნანას” ცნობილი სლოგანიც : “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი”. საწუხაროა, რომ დრო მხოლოდ მაშინ ჩერდება, როდესაც “ მოცარტი ნოტებს აჩევს”.
“ მე შენში მიყვარს ღმერთი
შენ, რა იპოვნე ჩემში?!
შენ_წმინდა სანთლის ღვენთი
მე _გაფანტული ხრეში
მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად
ჩემში კი სველი დენთი
_აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს…
და თუ ასეა _წვეთი,
ნამუსი მაინც მმართებს…...
ეს ლექსი პოეტმა თავის ცოლს, ნინას მიუძღვნა. ამბობდა, რომ “სიყვარული მთავარ როლს თამაშობდა, როგორც მის ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებაში. ზოგადად გასდევდა მის პოეზიას, სიყვარული ქალისადმი, დედისადმი, შვილებისა და მეგობრებისადმი. “ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისტვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრნობით ნათქვამი “მიყვარხარ” არასოდეს გაუფასურდება, მთავარი ისევ და ისევ სიყვარულია. ეს გრძნობა ყველაფრის დასაბამი უნდა იყოს”

პოლიტიკაში არ ერეოდა, არასდროს გაუკეთებია რაიმე პოლიტიკური განცხადება, მიიჩნევდა რომ არ ჰქონდა უფლება რომელიმე მხარეს დამდგარიყო, რადგან ორივე მხარეს მისი მკითხველები და მაყურებლები არიან. “ ეს ყველაფერი დალაგდება, პოლიტიკოსები შერიგდებიან, გაიყოფენ იმ მშვენიერ ლუკმებს და ხელოვანი ადამიანი კი დაღდასმული რჩება. აკაკი ამბობდა, მსახიობი იგივე მოძღვარია ხალხისაო, ანუ მსახიობს და პოეტს ძალიან დიდი მისია აქვს და ეს მისია სიკეთით უნდა ზიდოს. იმაში რაც დღეს პოლიტიკაში ხდება და რომ ხელოვანი ადამინები ან ერთ, ან მეორე მხარეს დგანან, სიკეთის არანაირი მარცვალი არ არის. იქ მხოლოდ ბოროტება, ბოღმა და ანგარებაა.. რა თქმა უნდა, მე ამაში არ ვერევი!”
ნიკო გომელაურს თავისი შეხედულება ჰქონდა ზოგადად იმაზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ტკიოდა თავისი ხალხის ცუდი და ამასაც, რა თქმა უნდა, ლექსის საშუალებით აფიქსირებდა.
“ მოიწყინდა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია.
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
უკვე კარგა ბანია.
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი…
მომავალი ჩვენია
_მომავალი ღვარცოფი…
მომავალი მეხია,
მომავალი გავალვაა!
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩარგვებში მალვაა
ჭკუა არმართს ვერა ხნავს,
Bბრბოს მაგივრად მრცხვენია…
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია…”
მისი ლექსები არის ყველაფერზე, სიხარულზე, სიყვარულზე, ღალატზე, ორპირობაზე, სინანულზე. სწორედ მისი პოეზიით ხდება შესაძლებელი მისი პიროვნების გაცნობა და როგორც თვითონ ამბობდა : “პოეტზე ყველაზე უკეთ მისი ლექსები ლაპარაკობენ და გავაგრძელოთ ჩვენც”…

No comments:

Post a Comment