Sunday, June 13, 2010

ელენე ახვლედიანი


იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი – მამულის ტფილი ხატები.
ელენე ცნობილი სამხედრო ექიმის, დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში დაიბადა. დიმიტრი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, იგი თელავში განაწესეს, როგორც სამხედრო ექიმი, სადაც შემდგომში დარჩა. სოფელ კურდღელაულში დიმიტრი ახვლედიანმა პატარა ლაზარეთი გახსნა და გაჭირვებულ ხალხს უფასოდ ემსახურებოდა.
ელენეს ბებია (დიმიტრის დედა) სამეგრელოს წარჩინებულ გვარეულობას, ჩიქოვანებს განეკუთვნებოდა. დიმიტრიმ ცოლად მოიყვანა ელისაბედ ერისთავი. ქართული ქირურგიის დამაარსებელი, კონსტანტინე ერისთავი – ელისაბედის უახლოესი ნათესავი გახლდათ.
ელენეს მშობლებს ჰყავდათ ხუთი შვილი. უფროსი ელენე დაიბადა 1898 წელს.
ელენემ თელავში მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1906-1907 წლებში დიმიტრის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც შემდეგ შეიძინეს ცნობილი ისტორიკოსის, თედო ჟორდანიას სახლი კლარა ცეტკინის ქუჩაზე.
ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომ ყველას ეგონა, ელენე ჩინებული მუსიკოსი გამოვიდოდა მომავალში. მაგრამ იგი მხატვრობამ გაიტაცა და დაწყებითი მხატვრული განათლება მიიღო ნიკოლა სკლიფასოვსკის და ფოგელის სამხატვრო სტუდიაში.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს ელენე ახვლედიანმა გაიარა ხატვის მოკლევადიანი პედაგოგიური კურსები ნიკოლა სკლიფასოვსკის და ფოგელის ხელმძღვანელობით და მიენიჭა მხატვრის პედაგოგის კვალიფიკაცია. 1918-1920 წლებში ასწავლიდა ხატვას თბილისის დაწყებით სკოლებში.
მისი სამხატვრო დებიუტი 1919 წლის მაისში, ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაზე შედგა, სადაც მან თვრამეტამდე ნამუშევარი წარმოადგინა. მნახველთა განსაკუთრეული ყურადღება მიიქცია ელენეს ორმა სურათმა: „თელავი” და „თელავში.” მშობლიური კახეთისადმი სიყვარული მთელი სიცოცხლე გამოჰყვა ელენე ახვლედიანის მხატვრულ შემოქმედებას.
1922 წელს ელენე ახვლედიანი შედის ქალაქ თბილისში ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში.

მომხიბლავი გარეგნობის ელენეს უამრავი თაყვანისმცემელი თხოვდა ხელს. 1921 წელს ელენე აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს მიჰყვება ცოლად. პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. “მეუღლე აპოლონ კაკაბაძე არაჩვეულებრივი კაცი იყო და ძალიან უყვარდა ელენე. თუმცა იგი ძალიან ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა ყველაფერზე. სწორედ ეს გახლდათ მათი გაყრის მიზეზი. მიუხედავად ამისა აპოლონის გარდაცვალების შემდეგ მისი მეორე ოჯახის შექმნილ შვილს, ბიჭს სულ ელენე ედგა თავზე და ზრდიდა” (ირინა კალანდაძის მოგონებიდან).
პარიზში გატარებული წლები ელენე ახვლედიანისთვის ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობის წლებად იქცა. პარიზის სურათებთან ერთად, საქართველოდან წაღებული ჩანახატების მიხედვით, მხატვარი ქმნიდა თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით მიძღვნილ პეიზაჟებს: “ძველი თბილისი” (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), “კახეთი-ზამთარი” (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), “ძველი თბილისი” (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), “თელავი” (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი).

ელენე ახვლედიანი პარიზში ცხოვრების პერიოდში იღებდა მონაწილეობას გამოფენებზე. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე „შემოდგომის სალონი“ (1924 წ), პიკასომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ე. ახვლედიანის ტილოს „კახეთი, ზამთარი“ და ყიდვა მოისურვა. რაზეც ე. ახვლედიანმა კახური პირდაპირობით უპასუხა: „ეს ნამუშევარი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს არ გავყიდი“. ამ შემთხვევის შემდეგ მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. პაბლომ თავისი ავტოლიტოგრაფიაც აჩუქა.
დიდი წარმატება ხვდა წილად 1926 წლის ოქტომბერში პარიზის გალერეა “კუატრ შემენში” გამართულ პერსონალურ გამოფენას. ელენე ახვლედიანის სურათებს იძენენ კოლექციონერები, ცნობილი მხატვრები. “დამოუკიდებელ სალონში“ მოწყობილ გამოფენაზე, პოლ სინიაკმა მოისურვა მისი სურათის შეძენა. ორი ტილო იყო გამოფენილი „ძველი თბილისი“ და „ქართული პეიზაჟი“. ელენეს საჩუქრად უნდოდა რომ ებოძა, მაგრამ სინიაკმა საჩუქრის სახით არ მიიღო და ხუთასი ფრანკი გაუგზავნა.
პარიზში ყოფნის პერიოდში ე. ახლედიანის შემოქმედებამ ფრანგი კრიტიკოსების დიდი ყურადღება მიიპყრო. ამას მოწმობს ის რეცენზიები, რომელიც ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში (გაზ. „დებატ“, ჟურნალი „ლელუნქსი“ და სხვ.) იბეჭდებოდა.
პარიზის კაფე “როტონდაში”, ბოჰემურ ხელოვანთა თავშეყრის ადგილას, ელენეს ყურადღება მიიპყრო ერთი ქალბატონის იისფერმა თვალებმა და მისმა არაჩვეულებრივმა გამოხედვამ. მას მერე იგი მუდამ ოცნებობდა, რომ კიდევ ენახა ეს თვალები. შემდეგ, როდესაც ფილმი “ქალი კამელიებით,” ნახა, აღმოჩნდა, რომ ეს უცნობი იყო ცნობილი კინომსახიობი გრეტა გარბო. ელენეს არ უყვარდა კინო, მაგრამ გრეტა გარბოსადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ თუ სადმე გადიოდა “ქალი კამელიებით,” აუცილებლად წავიდოდა. ერთხელ დაითვალა, რომ ეს ფილმი 118-ჯერ ჰქონდა ნანახი.
ელენე ახვლედიანი საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს ხშირად საკუთარ სახელოსნოში აწყობდა. აქვე იმართებოდა შემოქმედებითი საღამოები და კონცერტები, უკრავდნენ ცნობილი პიანისტები ჰეინრიხ ნეიჰაუზი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვები. ელენე ახვლედიანის სახელოსნო სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების საყვარელ ადგილადაც ითვლებოდა.


ერთხელ ცნობილმა პიანისტმა ჰენრიხ ნეიჰაუზმა ელენე ახვლედიანის ფერწერის ხილვისას მხატვარს მიმართა: “თქვენი ფერწერა ჩემში ისევე იწვევს მუსიკალურ შეგრძნებებს, როგორც მუსიკა აღძრავს ჩემში ხედვით სახეებს, ხანდახან კი ფილოსოფიურ აზრებსაც კი”.
1975 წელს სსრკ ფინანსთა სამინისტროში ქალთა სურათების გამოფენა გაიმართა, ელენე ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 28 დეკემბერს გამოფენის შემდეგ გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელენე ახვლედიანი ცუდად შეიქმნა. “Как стыдно, у всех на глазах” ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.
მისი გარდაცვალების შემდეგ სახელოსნო, რომელშიც მხატვარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, სახლ-მუზეუმად იქცა.

No comments:

Post a Comment