Tuesday, June 8, 2010

მოკრძალებული გენიალურობა




დღეს ხშირად კამათობენ იმაზე ემუქრება თუ არა ლექსს რამე ჩვენს პრაგმატულ დროში. Eვფიქრობ არა,სანამ მას ეყოლება ნამდვილი მკითხველი და გენიალური პოეტები. Bბესიკ ხარანაული, ერთ-ერთია იმ დიდ მწერლებს შორის, რომლებიც ქმნიან უკვდავ ლიტერატურას.ლიტერატურას, რომელიც გაუძლებს დროსდა კიდევ ბევრს დააფიქრებს ზოგადად პოეზიის მნიშვნელობაზე.
როდესაც პირველად დავურეკე თქვენზე პორტრეტს ვაკეთებ-მეთქი, თითქოს შორს დაიჭირა. “საერთოდ ვერიდები, არ მიყვარს როდესაც ჩემზე წერენო. ბესიკ ხარანაული ჩვენი დროის გალაქტიონი... “პოეტი რომელმაც მთლიანად ააყირავა დღევანდელი რეალობა.. “ მწერალი რომელიც განურჩევლად ეპოქებისა ყოველთვის მწვერვალებზე იმყოფება” ეს არასრული ჩამონათვალია იმ ციტატებისა და სათაურებისა, რასაც მასზე წაიკითხავთ და გაიგებთ, მაგრამ მისი გაცნობისას გაკვირვებული დარჩებით, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მოკრძალებული იყოს, პარალელურად კი მის ნობელის ლაურეატობაზე საუბრობდნენ.
“კომუნისტის” ყოფილი რედაქციის წინ უნდა შევხვედროდი. ქუჩა ხმაურიანი, გარშემო წიგნები, მყიდველები (მადლობა ღმერთს რომ წიგნის კიდევ ჰყავს მსურველი). შორიდანვე დავინახე ნელი ნაბიჯით მოდიოდა, გძელი “პლაში”, შავი ფერის ყელსახვევი, სიგარეტი, ხელში გაზეთები..... ღიმილით მიმიღო.

ამბობენ დღეს ახალგაზრდებს წიგნი აღარ აინტერესებთ-მეთქი. აინტერესებთ, ვერ იტყვი რომ არ კითხულობენ, თუმცა ეს ზოგადად ქართველი ხალხია ასე, კითხვა არ უყვართო.
თავად წიგნის სიყვარული ბავშვობიდან მოსდგამს, დედა სკოლის მასწავლებელი იყო, რუსუდან გელოვანთან (მირზა გელოვანის და) ერთად ნერგავდა მასში ლეტერატურულ ტრადიციებს. თუმცა ბავშვობა საკმაოდ რთულ დროში მოუწია, კლასიკოსთა ნამუშევრები მკაცრ ცენზურას გადიოდნენ, იკრძალებოდა ყველაფერი, რაც რეჟიმის ჩარჩოებს ვერ ერგებოდა, წიგნი არ იშოვებოდა. ადამიანები ჩუმად თუ მოიხელთებდნენ ამა თუ იმ ნაწარმოებს და შემდეგ გადადიოდა ხელიდან ხელში, ოჯახიდან ოჯახში, მეგობრიდან მეგობართან, ჩუმად, მალულად.
პარადოქსულია, ალბათ, მაგრამ ასეა, რაც უფრო დიდი იყო შიში, მით მეტი იყო ახლის შეცნობის, გაგების სურვილი. რაც აკრძალულია, ის უფრო მიმზიდველია. “როგორც კი აღმოჩნდებოდა, რომ მე ჩუმად სხვენიდან მოპარული წიგნი დავამთავრე, ის მაშინვე ქრებოდა. ასე წავიკითხე მიხეილ ჯავახიშვილის “არსენა მარაბდელი”, ახლაც მახსოვს, ყვითელEყდიანი წიგნი იყო, ზედ ცხენზე შემჯდარი კაცი ეხატა, ქანდაკებას მაგონებდა,... რამდენჯერ ყოფილა ნაჩქარევად, ძალით წამიკითხავს დაღლილს, რადგან ვიცოდი დღენახევარში უკან პატრონისთვის უნდა დამებრუნებინა”....თუმცა ამ პერიოდის სირთულე მარტო ცენზურაში არ მდგომარეობდა. ეს დრო იყო ასეთი, დოგმა, საზღვრები, ჩარჩოები, ცენზურა, არავითარი სიტყვის თავისუფლება, და რაღა თქმა უნდა..... რეპრესიები _მარტო იმ პატარა ქუჩაზე, სადაც ბატონი ბესიკი იზრდებოდა 12 კაცი იყო მოკლული რეპრესიების დროს. “სულ ქალები იყვენენ გარშემო, კაცი თითქმის არცერთ ოჯახში არ იყო”. ბ-ნი ბესიკიც ობოლი გაზარდა დედამ_ “დედაჩემიც ძლივს გადარჩა, მაგას როგორ ამოაძრობ ადამიანს გონებიდან, გულიდან ... ვერ ამოაძრობ...”


შემდეგ დადგა სტუდენტობის წლები. ბესიკ ხარანაულმა ფილოლოგიურზე ჩააბარა, პარალელურად სულ წერდა, თხზავდა,.. ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა მისი ცხოვრება. საინტერესო დრო იყოო და გაეღიმა, მოგონებებში წავიდა; სტუდქალაქი, საერთო ოთახი, რომელსაც სვან მეგობრებთან იყოფდა.. იხსენებდა, თან ღიმილი არ შორდებოდა “მშივრები კი ვიყავით ისე... რა იყო იცი, შენ რო ფული გექნებოდა არ იყო ის შენზე გათვილი მხოლოდ, ძალაუნებურად იყო საერთო ყულაბა, შეუთანხმებლად...”
ახალგაზრდა ბიჭი ბავშვობიდან წერდა, თუმცა იმის გაცნობიერება, რომ აუცილებლად ეპოვნა საკუთარი თავი, ყოფილიყო თავისუფალი, სწორედ აქ მოხდა, სტუდქალაქში. ეს ის დროა, როდესაც ყველაფერი დოგმატური იყო, ადამიანს არ ჰქონდა უფლება ეწერა, ის, რასაც ფიქრობდა, გრძნობდა.. “დაწერდი და... დაგიჭერდნენ”. მიზანმიმართულად ხდებოდა ყველაფერი იმის აღმოფხვრა, რაც რეჟიმის მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ ჯდებოდა, არტახებში არ ექცეოდა. ერთ დარღვევას მეორე მოსდევს და ჯაჭვური პრინციპით ებმის ერთამნეთს. “მეც ვწერდი დოგმატურ პოეზიას, რა თქმა უნდა ვბაძავდი დიდ პოეტებს, ხანდახან სუსტებსაც, მაგრამ მერე გავჩერდი... გავჩერდი რატო იცი? მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. მაგასაც მიხვედრა უნდა, რა არის შენი, ოღოდ ეს უცებ ერთხელ კი არ უნდა მოგეჩვენოს, არა... ღრმად უნდა გაგიჯდეს, რომ შენი არ არის, უნდა გამოხატო ის რაც შენშია. ეს გრძელი პროცესი იყო”.


ბესიკ ხარანაული ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ პოეზიაში ვერლიბრი შემოიტანა. ხშირად სხვა და სხვა კრიტიკოსები ვერლიბრს არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგს მიაჩნია, რომ “თეთრ ლექსს” ირჩევს ის, ვისაც არ ჰყოფნის ოსტატობა წეროს ტრადიციული ფორმით, გარდა ამისა საქართველოში თითქოს სისხლში აქვთ უკვე საუკუნეების მანძილზე გამჯდარი კლასიკური, გარითმული პოეზია. ბ-ნი ბესიკის მოსაზრება კი შემდეგნაირია: “ნატირლები, მთიბლური ორივე ცხრა მარცვლიანი გაურითმავი ლექსებია, ჩვენ მაგაზე ვართ გაზრდილები, ეს ორიგინალური და ესტეთიური ფორმაა, როგორც მაგალითად სვანური პოეზია, რომელიც ძალიან დიდი და საინეტერსოა. მე მიკვირს, რომ მას ცოტა მკითხველი ჰყავს, ცოტანი არიან მასზე გაზრდილი ადამიანები. თუმცა ყველას აქვს გულში შინაგანად ის მომენტი, როდესაც რაღაცამ შეგძრა, ის რაც აკვნიდან წამოგყვა, სწორედ ასეა ვერლიბრიც, ის ძალაუნებურად არსებობს შენში, პოეზიაც ხომ ენაა..."
“მოკვდავო ბეჩაო ირემო დასდევა სიღარიბის ჯოხი
მაწინიც დაილოცებიან შიშველი დაგეფაროს ხორცი”
“ერთ-ერთი გენიალური ლექსია ჩემი აზრით. ეს არ არის კლასიკის უარყოფა, უბრალოდ ეს არის რაც მთიდან, ბავშვობიდან სიღმისეულად ჯდება ადამიანის სულსა და ხორცში, ეს არის, რასაც ვერ გაექცევი, შინაგანად მოსდევს კაცს... დედასავით არის…. ასე გულში სულ ეძებ შენ დედას...”


ბესიკ ხარანაულის ლექსებში იგრძნობა შინაგანი თავისუფლება, გულწრფელობა, მის პოეზიაში ხაზგასმულია სისადავე და უბრალოება, რომელიც რაღაც უფრო დიდთან არის შერწყმული, პოეტის აზრები ნატიფი ოსტატობით იშლება ლექსში და იმაზე სვავს აქცენტებს, რაც თავად მას აფიქრებს და ალბათ საზოგადოებასაც. მწერალიც სხვა არაფერს ითხოვს გარდა იმისა, რომ იყოს თავისუფალი, გარდა იმისა, რომ მიეცეს შესაძლებლობა, წეროს, ის რასაც ფიქრობს. საერთოდ მიაჩნია, რომ ადამიანი არ უნდა ელოდებოდეს ჯილდოს მიღებას საკუთარი შემოქმედებისთვის, რადგან ამბიციები მტერია კაცის. “ღმერთმა დამიფაროს იმაზე ფიქრი დავიწყო, რამე პრემია მომცენ-მეთქი, ეგ დამღუპველია, დავიკარგები, თავისუფლებას დავკარგავ, პოეტი რომ ბრძენის პოზიციას დაიჭერს, წასულია მისი საქმე...”
ბესიკ ხარანაულს მიღებული აქვს რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, სახელმწიფო პრემიები და არის 2003 წლის საბას პრემიების ლაურეატე, ხალხი აფასებს მის შემოქმედებას. ხშირად სხვა და სხვა გენიალურ მწერალს ადარებენ, თვითონ კი არ უყვარს “ასეთი რამეები”. _“ეს ქართველთა ჩვევაა მწერლებისთვის ნომრების მიწებება, გალაქტიონის შემდეგ პირველი, რუსთაველის შემდეგ მეორე, თითქოს პურის რიგში დგანან”. ურჩევნია ნაკლებად იფიქროს მატერიალურ სიმდიდრეეზე, ჩინმედლებსა და ამბიციებზე, რადგან ეს ყველაფერი პრობლემებს აჩენს ადამიანის ცხოვრებაში, ურვევს სიმშვიდეს, შინაგანად აფორიქებს, ძაბავს. “ერთხელ ერთმა საკმაოდ მაღალი თანამდებობის კაცმა მკითხა, სუფრაზე ვიჯექით ერთად ... “ როგორ ახერხებ ასე კარგად ცხოვრებასო? მე ვუთხარი “ როგორ და.. მე მხოლოდ ადამიანური პრობლემები მაქვს-მეთქი, ჩვენ ვზივართ ვსვამთ, ვერთობით, ვიცინით, ის კიდევ ჩვენთან იჯდა და მისი გონება სხვაგან იყო, იმ პრობლემებს დასტრიალებდა, რაც ჩინმედლებს და დიდ დიდ სკამებს მოაქვს...ადამიანს ხან ბევრი აქვს. ხან ცოტა, ხან მოაკლდება ხან პირიქით. ხან ასეა ხან ისე”
და სწორედ ასეთ ადამინურ პრობლემად მიაჩნია, მისი ნობელის პრემიაზე წარდგენის იდეაც. Uუფრო სწორედ კი ის, რომ ხმა გავრელდა თითქოს მწერალი ბესიკ ხარანაული ნობელის პრემიაზეა წარდგენილიო; თავად ამბობს, რომ არაფერი იცის ამის შესახებ. “ მინდა ხალხს გავაგებინო, მე უმანკო ვარ ამ საქმეში.” ასეთი იდეა მისი წიგნის პერზენტაციის დროს გამოთქვეს კაფე “ქარავანში” და ამის შემდეგ, როგორც ზოგადად საქართველოში ხდება ხალხმა აიტაცა ეს აზრი და დღეს ზოგი რას ამბობს, ზოგიც რას. “ზოგს ჰგონია, რომ უკვე მივიღე, მირეკავენ მილოცავ, ზოგი ფიქრობს, რომ პარიზში მაგისთვის ვიყავი წასული…”. საფრანგეთში ნობელის პრემიისთვის არა, მაგრამ თავისი შემოქმედებისთვის კი ნამდვილად იყო მიწვეული. ცოტა ხნის წინ პოეტმა ოთარ თურმანაულმა მისი “ამბა-ბესარიონი” ფრანგულად თარგმნა. წიგნი უკვე გამოიცა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება პოვა.

“ისეთი კალთააკრეფით
წავიდა ნისლი ხევისკენ
ხეებს გაუჩნდათ წვივები
და მე მეგონა ვეღირსე
მაღალ წვივებში ხეტიალს…
ვინც დამინახა, შეშურდა_
უბირს ყოველთვის ბედი აქვს!..
ან ძროხის მწყემსი იქნება, ან ვინმე შარახვეტია…
მე რომ ვიყავი, ისა თქვეს,
ეგ მუდამ ერთზე მეტია!”
ასე იხატება ბესიკ ხარანაულის პოეზიაში ორიგინალური, ღრმა ჩანახატები. ხშირად მეორედ, მესამედ და მეათეჯარ წაკითხვის დროსაც ახალს აღმოაჩენ და გაგიკვირდება, როგორ შეიძლება თუნდაც ორ სტრიქონიანმა ლექსა ასე დაგაფიქროს…
“მას ვისაც მცირე ელდა ჰყოფნის,
რათა დაფეთდეს,
ღმერთი დიდ ტანჯვას არ მიაყენებს”
ან “ნახეს კაცი, ერთი წამით რომ ისვენებდა და წაიღეს უმალ ამბავი, კარგად არისო”.

Monday, June 7, 2010

ასტრიდ ლინდგრენი _ ბავშვების ყველაზე საყვარელი მწერალი


ასტრიდი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო — თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

ბავშვობაში ასტრიდს იტაცებდა ფოლკლორი და სხვადასხვა ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. სწორედ კრისტინმა გააცნო მას საოცარი სამყარო, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ზღაპრების კითხვისას.
ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას „ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში „Wimmerby Tidningen“. ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა საყვარელი შვილი და იძულებული იყო, დროებით გაეშვა იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) ჩამოიყვანა დანიიდან ლარსი.

ასტრიდ ლინდგრენს ეკუთვნის ბევრი სიცოცხლითა და სითბოთი სავსე ნაწარმოები. ისეთი, როგორებიცაა ”ჩვენც სალტკროკელები ვართ”, ”ბიულერბიუელი ბავშვები”, ”პეპი გრძელიწინდა”, ”მაწანწალა რასმუსი”, ”კარლსონი და ბიჭუნა”, ”ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი”...

ის იყო და მუდამ დარჩება ბავშვების საყვარელ მწერლად, რადგანაც მისი ყოველი წიგნი ნამდვილი შედევრია, სიყვარულისა და სიკეთის მასწავლებელია, ალბათ თვითონ ეს ქალი იყო უცნაურად სავსე ამ სიყვარულით, სითბოთი და სიცოცხლით...

Monday, May 24, 2010

აქამდე უცნობი ვან გოგის ნამუშევარი


ნიდერლანდების ერთ-ერთი პროვინციის ქალაქის - ზვოლეს (Zwolle) მუზეუმში გამოფინეს ნამუშევარი, რომელმაც რამდენიმე დღეში მსოფლიო ყურადღება დაიმსახურა. აქამდე ცნობილი, როგორც უცნობი მხატვრის ტილო, ვან გოგის ქმნილება აღმოჩნდა... ამის შესახებ ინფორმაციას NRC Handelsblad-ი ავრცელებს.

მუზეუმის დირექტორის, რალფ კენინგის (Ralph Keuning) განცხადებით, ის ფაქტი, რომ “ლე ბლიუტ-ფინის წისქვილი" (Le Blute-fin Mill) უდიდესი იმპრესიონისტის ნამუშევარია, ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის ექსპერტებმაც დაადასტურეს.

NRC Handelsblad-ის გამოცემა აღნიშნავს, რომ ექსპერტების ყურადღება მიიქცია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ტილოს ზომა და სტრუქტურა, საღებავების ტიპი, წერის მანერის რამდენიმე განსაკუთრებულობა და ასევე, სურათის უკანა მხარეს მოცემული შტამპი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ მაღაზიას ეკუთვნის.

ნახატი, რომელიც ვან გოგის ნამუშევრად აღიარეს, 1957 წელს ზვოლეს მუზეუმის დამფუძნებელმა დირკ ჰანემამ (Dirk Hannema) ათასი ევროს ეკვივალენტი თანხით პარიზის არტ დილერისგან შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ ჰანემა ნახატის ავტორის ვინაობაში დარწმუნებული იყო, მის განაცხადს ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. მან ადრე როტერდამის მუზეუმისთვის შეიძინა რამდენიმე თითქოსდა ვერმეერის ნამუშევარი, რომლებიც ორიგინალები არ აღმოჩნდა.

NRC Handelsblad-ის გარდა, ამ ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-იც ავრცელებს და აცხადებს, რომ ნახატი 1986 წლამდე, ანუ მისი მფლობელის გარდაცვალებამდე მის კერძო კოლექციაში ინახებოდა, მეპატრონეს გარდაცვალების შემდეგ კი მუზეუმში აღმოჩნდა. პროფესიონალები მის ექსპერტიზას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ, რაც ზვოლეს მუზეუმის წარმომადგენლებმა მათ ნამუშევარზე ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს.

აქამდე ვან გოგის უცნობი ნამუშევარი უკანასკნელად 1995 წელს აღმოაჩინეს. თუმცა, 1970 წელს შედგენილი მხატვრის ნამუშევრების კატალოგს, მისი პირველი გამოქვეყნებიდან, მხოლოდ 5 ნამუშევარი მიემატა. ამის გამო, ზემოთ აღნიშნულმა ფაქტმა დაინტერესება გამოიწვია.

ვინსენტ ვან გოგი


1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886 - 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე", 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).

1888 ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა - საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ("მკა. ლაკროს ველი", "მეთევზეთა ნავები სენტ-მარიში", ორივე 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს ("ღამის კაფე", 1888, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი მონასმები ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას ("წითელი ვენახები არლში", 1888, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), არამედ უსულო საგნებიც ("ვან გოგის საწოლი ოთახი არლში", 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი).

80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889 - 90) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას ("მრადისობის კარიბჭესთან", 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს ("კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა", 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება ("ოვერი წვიმის შემდეგ", 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ


მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წლის 27 აპრილს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ.

მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდლოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული.ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ოსეთი.

საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიულ არეალებისსავის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და კოლორიტებითაა წარმოდგენილი.

ხურომოძვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიული მატერიალურ კულტურის ამსახველი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

ღია ცის ქვეშ მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე რელიეფურ საფლავის ქვათა მდიდარი კოლექცია. მთლიანობაში მზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

სვანეთის მუზეუმი


მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. აქ დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: "ადიშის ოთხთავი" (897), "იერუსალიმის განჩინება" (Xს), "მესტიის ოთხთავი" (1033), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.
ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი VI ს-ის ბრინჯაოს სირიულ საცეცხლურებს (X_XI სს) რელიკვარიუმებსა და ეტრატზე შესრულებულ უძველეს ხელნაწერებს ეთმობა.

აქვე დაცული არის XII ს-ის ვერცხლის სასანური სურა, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII ს-ის ვენეციური ე.წ. დეკორატიული ჯვარი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სილიხანის ხატი, რომელშიც გოლგოთის ჯვრის ნაწილია ჩატანებული.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა.

მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.
1991 წლიდან დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალა არის ნაპოვნი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.